• კონგრესი არის „ლიცეუმის“ უმაღლესი მმართველი ორგანო; • კონგრესი მოიწვევა მმართველი საბჭოს, თავმჯდომარის ან ნამდვილი წევრების 1/3-ის (ერთი მესამედი) ინიციატივით, მმართველი საბჭოს ან თავმჯდომარის მიერ, კონგრესის გამართვამდე არაუგვიანეს 3 (სამი) თვისა; • ინფორმაცია კონგრესის მოწვევის შესახებ (გამართვის თარიღი, დრო, ადგილი, დღის წესრიგის პროექტი) უნდა ეცნობოს „ლიცეუმის“ ყველა წევრს, კონგრესის გამართვამდე არაუგვიანეს 2 (ორი) თვისა; • მორიგი კონგრესი იმართება 3 (სამი) წელიწადში ერთხელ მაინც, რიგგარეშე კონგრესი - მოთხოვნისთანავე, მოთხოვნიდან არაუგვიანეს 6 (ექვსი) თვისა; • კონგრესი შედგება ნამდვილი წევრების მიერ დადგენილი წესით შერჩეული დელეგატებისგან; • კონგრესის დელეგატების შერჩევის წესს, მმართველი და კონტროლის საბჭოების წევრობის კანდიდატების რეგისტრაციის პროცედურებს, ადგენს მმართველი საბჭო, კონგრესის გამართვამდე არაუგვიანეს 2 (ორი) თვისა; • დადგენილი წესით შერჩეული დელეგატების, მმართველი და კონტროლის საბჭოების წევრობის კანდიდატების სრული სია უნდა გამოქვეყნდეს კონგრესის გამართვამდე არაუგვიანეს 1 (ერთი) თვისა; • კონგრესი გადაწყვეტილებაუნარიანია, თუ მას ესწრება დადგენილი წესით შერჩეული დელეგატების ნახევარზე მეტი; • კონგრესი, გარდა ამ წესდებით განსაზღვრული შემთხვევებისა, გადაწყვეტილებას იღებს დამსწრე დელეგატების უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ დადგენილი წესით შერჩეული დელეგატების სრული სიის 1/3-ისა (ერთი მესამედი); • კონგრესს ხსნის „ლიცეუმის“ თავმჯდომარე და გახსნისთანავე კენჭისყრაზე წარადგენს საკითხს დღის წესრიგის პროექტის დამტკიცების შესახებ, რომელსაც განსაზღვრავს მმართველი საბჭო; დღის წესრიგის პროექტში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა საჭიროებს კონგრესის დამსწრე დელეგატების არანაკლებ 1/3-ის (ერთი მესამედი) მხარდაჭერას; • კონგრესის მიმდინარეობას უძღვება კონგრესის მიერ არჩეული სხდომის თავმჯდომარე, რომელიც კონგრესის დახურვისთანავე ადგენს სხდომის ოქმს კონგრესის მიმდინარეობის შესახებ და ადასტურებს ხელმოწერით; • კონგრესის ფუნქციებია: - მმართველი საბჭოს მიერ შემუშავებული სტრატეგიული განვითარების გეგმის დამტკიცება; - მმართველი და კონტროლის საბჭოების წევრების არჩევა; - მმართველი და კონტროლის საბჭოების ანგარიშების განხილვა და დამტკიცება; - მმართველი და კონტროლის საბჭოების გადაწყვეტილებების ძალადაკარგულად გამოცხადება, კონგრესის დამსწრე დელეგატების 2/3-ის (ორი მესამედი) უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ დადგენილი წესით შერჩეული დელეგატების სრული სიის 1/2-ისა (ერთი მეორედი); - წესდების დამტკიცება და წესდებაში ცვლილებების ანდა დამატებების შეტანის შესახებ გადაწყვეტილების მიღება, კონგრესის დამსწრე დელეგატების 2/3-ის (ორი მესამედი) უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ დადგენილი წესით შერჩეული დელეგატების სრული სიის 1/2-ისა (ერთი მეორედი); - საკუთარი ან მმართველი საბჭოს ინიციატივით, რეორგანიზაციის ანდა ლიკვიდაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღება, კონგრესის დამსწრე დელეგატების 3/4-ის (სამი მეოთხედი) უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ დადგენილი წესით შერჩეული დელეგატების სრული სიის 2/3-ისა (ორი მესამედი); - ლიკვიდაციის შედეგად ქონების მიღებაზე უფლებამოსილი პირების განსაზღვრა, კონგრესის დამსწრე დელეგატების 3/4-ის (სამი მეოთხედი) უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ დადგენილი წესით შერჩეული დელეგატების სრული სიის 2/3-ისა (ორი მესამედი);
მმართველი საბჭო
• მმართველი საბჭო არის “ლიცეუმის“ ხელმძღვანელი ორგანო, რომელიც შედგება კონგრესის მიერ 3 (სამი) წლით არჩეული 15 (თხუთმეტი) წევრისგან; • მმართველ საბჭოში არჩეულად ითვლება მმართველი საბჭოს წევრობის 15 (თხუთმეტი) საუკეთესო შედეგის მქონე კანდიდატი; • მმართველი საბჭოს წევრობის კანდიდატების მიერ თანაბარი ხმების დაგროვების შემთხვევაში, მმართველი საბჭოს წევრის გამოვლენა უნდა მოხდეს თანაბარი ხმების მქონე კანდიდატებს შორის კენჭისყრით; • მმართველი საბჭოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში, მმართველი საბჭოს შემადგენლობაში შედის მმართველი საბჭოს წევრობის შემდეგი საუკეთესო შედეგის მქონე კანდიდატი; • მმართველი საბჭოს მორიგი სხდომა თავმჯდომარის ან მმართველი საბჭოს წევრების 2/3–ის (ორი მესამედი) ინიციატივით, თავმჯდომარის მიერ მოიწვევა თვეში ერთხელ მაინც, რიგგარეშე სხდომა - მოთხოვნისთანავე, მოთხოვნიდან არაუგვიანეს 1 (ერთი) კვირის ვადაში; • ინფორმაცია მმართველი საბჭოს სხდომის მოწვევის შესახებ (გამართვის თარიღი, დრო, ადგილი, დღის წესრიგის პროექტი) უნდა ეცნობოს მმართველი საბჭოს ყველა წევრს, სხდომის გამართვამდე არაუგვიანეს 1 (ერთი) კვირისა; • მმართველი საბჭოს სხდომა გადაწყვეტილებაუნარიანია, თუ მას ესწრება მმართველი საბჭოს წევრების 2/3 (ორი მესამედი) მაინც; • მმართველი საბჭო გადაწყვეტილებას იღებს არანაკლებ სრული შემადგენლობის 2/3-ის (ორი მესამედი) უმრავლესობით; • მმართველი საბჭოს სხდომას უძღვება თავმჯდომარე, რომელიც სხდომის გახსნისთანავე კენჭისყრაზე წარადგენს საკითხს დღის წესრიგის პროექტის დამტკიცების შესახებ, სხდომის დახურვისთანავე ადგენს სხდომის ოქმს სხდომის მიმდინარეობის შესახებ და ადასტურებს ხელმოწერით; • მმართველი საბჭოს ფუნქციებია: - თავმჯდომარის არჩევა საკუთარი შემადგენლობიდან; - თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის დანიშვნა გარკვეული ვადით, თავმჯდომარის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში; - თავმჯდომარის თანამდებობიდან გადაყენება; - თავმჯდომარის გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადება; - წევრების მიღება და გარიცხვა; - პირველი და მეორე დონის საწევრო შენატანების ოდენობისა და გადახდის წესის შემუშავება-დამტკიცება; - წევრების დისციპლინური პასუხისმგებლობისა და წახალისების წესის შემუშავება-დამტკიცება; - ასოცირებული ან ნამდვილი წევრისთვის საპატიო წევრის სტატუსის მინიჭება; - სტრუქტურული, დამხმარე სტრუქტურული და ტერიტორიული ერთეულების შექმნა, გაუქმება, მათი დებულებების შემუშავება-დამტკიცება; - ადგილობრივ და საერთაშორისო ქოლგა-ორგანიზაციებში გაწევრიანების შესახებ გადაწყვეტილების მიღება; - „ლიცეუმის“ ქონების განკარგვა; - სტრატეგიული განვითარების გეგმის შემუშავება და კონგრესისთვის წარდგენა დასამტკიცებლად; - მმართველი საბჭოს საქმიანობის შესახებ ანგარიშის მომზადება, კონგრესისთვის წარდგენა განსახილველად და დასამტკიცებლად; - კონგრესის მოწვევა საკუთარი, თავმჯდომარის ან ნამდვილი წევრების 1/3-ის (ერთი მესამედის) ინიციატივით; - კონგრესის დელეგატების შერჩევის წესის, მმართველი და კონტროლის საბჭოების წევრობის კანდიდატების რეგისტრაციის პროცედურების დადგენა; - კონგრესის დღის წესრიგის პროექტის განსაზღვრა; - წესდებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ საკითხის ინიცირება; - „ლიცეუმის“ რეორგანიზაციის ანდა ლიკვიდაციის შესახებ საკითხის ინიცირება; - წესდებით გაუთვალისწინებელი იმ საკითხების მოწესრიგება, რომლებიც არ განეკუთვნებიან კონგრესის ანდა თავმჯდომარის ფუნქციებს;
თავმჯდომარე
• თავმჯდომარე არის „ლიცეუმის“ ხელმძღვანელი და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი, რომელსაც საკუთარი შემადგენლობიდან უფლებამოსილების ვადით ირჩევს მმართველი საბჭო; • თავმჯდომარის ფუნქციებია: - „ლიცეუმის“ საქმიანობის დაგეგმვა და მმართველი საბჭოსთვის წარდგენა დასამტკიცებლად; - საკუთარი ან მმართველი საბჭოს წევრების 2/3–ის (ორი მესამედი) ინიციატივით, მმართველი საბჭოს სხდომის მოწვევა და გაძღოლა; - მმართველი საბჭოს წევრებისთვის დავალების მიცემა და ანგარიშის მოთხოვნა; - „ლიცეუმის“ ოფიციალური დოკუმენტების ხელმოწერა; - სტრუქტურული, დამხმარე სტრუქტურული და ტერიტორიული ერთეულების ხელმძღვანელი პირების დანიშვნა; - სტრუქტურული, დამხმარე სტრუქტურული და ტერიტორიული ერთეულების საქმიანობის ზედამხედველობა; - კონგრესის მოწვევა საკუთარი, მმართველი საბჭოს ან ნამდვილი წევრების 1/3-ის (ერთი მესამედის) ინიციატივით; - კონგრესის გახსნა და დღის წესრიგის პროექტის შესახებ საკითხის წარდგენა დასამტკიცებლად;
კონტროლის საბჭო
• კონტროლის საბჭო არის „ლიცეუმის“ კონტროლის ორგანო, რომელიც შედგება კონგრესის მიერ 3 (სამი) წლით არჩეული 3 (სამი) წევრისგან; • კონტროლის საბჭოში არჩეულად ითვლება კონტროლის საბჭოს წევრობის 3 (სამი) საუკეთესო შედეგის მქონე კანდიდატი; • კონტროლის საბჭოს წევრობის კანდიდატების მიერ თანაბარი ხმების დაგროვების შემთხვევაში, კონტროლის საბჭოს წევრის გამოვლენა უნდა მოხდეს თანაბარი ხმების მქონე კანდიდატებს შორის კენჭისყრით; • კონტროლის საბჭოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში, კონტროლის საბჭოს შემადგენლობაში შედის კონტროლის საბჭოს წევრობის შემდეგი საუკეთესო შედეგის მქონე კანდიდატი; • კონტროლის საბჭოს მორიგი სხდომა კონტროლის საბჭოს არანაკლებ 2 (ორი) წევრის მიერ, საკუთარი ინიციატივით, მოიწვევა 3 (სამი) თვეში ერთხელ მაინც, რიგგარეშე სხდომა - მოთხოვნისთანავე, მოთხოვნიდან არაუგვიანეს 1 (ერთი) თვის ვადაში; • ინფორმაცია კონტროლის საბჭოს მოწვევის შესახებ (გამართვის თარიღი, დრო, ადგილი, დღის წესრიგის პროექტი) უნდა ეცნობოს კონტროლის საბჭოს ყველა წევრს, სხდომის გამართვამდე არაუგვიანეს 2 (ორი) კვირისა; • კონტროლის საბჭოს სხდომა გადაწყვეტილებაუნარიანია, თუ მას ესწრება კონტროლის საბჭოს 2 (ორი) წევრი მაინც; • კონტროლის საბჭო გადაწყვეტილებას იღებს არანაკლებ სრული შემადგენლობის 2/3-ის (ორი მესამედი) უმრავლესობით; • კონტროლის საბჭოს სხდომას უძღვება სხდომის თავმჯდომარე, რომელსაც კონტროლის საბჭოს სხდომის დამსწრე წევრები ირჩევენ სხდომის გახსნისთანავე; • კონტროლის საბჭოს სხდომის თავმჯდომარე არჩევისთანავე კენჭისყრაზე წარადგენს საკითხს დღის წესრიგის პროექტის დამტკიცების შესახებ; • კონტროლის საბჭოს სხდომის დახურვისთანავე დგება სხდომის ოქმი სხდომის მიმდინარეობის შესახებ და კონტროლის საბჭოს სხდომის დამსწრე წევრები ადასტურებენ ხელმოწერით; • კონტროლის საბჭოს ფუნქციებია: - „ლიცეუმის“ ორგანოების, ერთეულებისა და წევრების მიერ ამ წესდებისა და მის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილებების შესრულებაზე კონტროლი; - დასკვნებისა და რეკომენდაციების მომზადება, მათი წარდგენა „ლიცეუმის“ შესაბამისი ორგანოს, ერთეულის ანდა პირისთვის; - „ლიცეუმის“ ქონების განკარგვაზე კონტროლი; - კონტროლის საბჭოს საქმიანობის ანგარიშის მომზადება, წარდგენა კონგრესისთვის განსახილველად და დასამტკიცებლად.